ტყუილი ზიდანის განცხადებასთან დაკავშირებით

20 ივლისს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ზიდანი: „დიდებული სეზონი გამოდგა“, ხოლო ფეისბუქზე ეს მასალა გაზიარდა სათაურით “ზიდანი: “ვადასტურებ, ის “რეალიდან” მიდის!”

ფეისბუქ პოსტის მინაწერში ასევე ვკითხულობთ წარწერას: “პირველი ფეხბურთელი, რომელიც „რეალიდან“ მიდის ცნობილია!

როგორც გაირკვა, საუბარი ხამეს როდრიგესზეა. halamadrid.ge-ზე განთავსებული მასალის ბოლო წინადადების მიხედვით, ზიდანმა დაადასტურა, რომ ხამესს წასვლა სურს. მასალის წყაროდ “რეალის” ოფიციალური საიტია მითითებული.

“რეალის” ოფიციალურ საიტზე ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზიდანმა ხამესზე შემდეგი განაცხადა: “თქვენ იცით, რომ სიტუაცია გამუდმებით იცვლება. იცით, რაც მოხდა ხამესთან დაკავშირებით.”

კოლუმბიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ზიდანს მეტი კომენტარი არ გაუკეთებია. მას არც როდრიგესის წასვლა დაუდასტურებია და არც წარმოუთქვამს ფრაზა “კოლუმბიელს წასვლა სურს”, როგორც ეს halamadrid.ge-ზეა მითითებული.