ტყუილი ზიდანის განცხადებასთან დაკავშირებით
9 სექტემბერს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ზიდანი: “პუტინზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია”.
სტატიის ავტორმა გადაწყვიტა გაეხსენებინა ზიდანის მიერ თითქოს 2018 წელს გაკეთებული განცხადება, შეელამაზებინა და საკუთარი ფანტაზიით გაემდიდრებინა ის.
სტატიის თანახმად, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ზიდანმა რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქო.
სიმართლე კი ისაა, რომ ზიდანმა რუსეთი არა 2018 წელს, არამედ 2017 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაციის დროს აქო და რუსეთის პირველ არხთან საუბრისას მას ვლადიმერ პუტინზე არაფერი უთქვამს. შესაბამისად, footballnews.ge-ზე გამოქვეყნებული ტექსტი – “პუტინზე კი მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ნამდვილი ლიდერი და კარგი პრეზიდენტია, რომელიც ხალხზე, მსოფლიო მშვიდობაზე და ფეხბურთზეც ზრუნავს” – არის ტყუილი.
