ტყუილი უნაი ემერის განცხადებასთან დაკავშირებით
5 აგვისტოს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ემერი კოუტინიოზე ალაპარაკდა – ბრაზილიელის მომავალი გაირკვა”
სტატიაში მოყვანილია უნაი ემერის ციტატა ფილიპე კოუტინიოს თაობაზე. თითქოს, “არსენალის” მწვრთნელმა შემდეგი თქვა: “არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენთან კოუტინიოს ტრანსფერზე არც კი გვისაუბრია. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ “არსენალი” მის გადმობირებაზე არ ფიქრობს”. “ასე რომ, ჟურნალისტებს ვთხოვ ამ ყველაფერთან დაკავშირებული საუბრები შეწყვიტონ”. mybarca.ge ამ ინფორმაციის გავრცელებას goal-ს აბრალებს.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ goal-მა ემერის სიტყვები მართლაც გაავრცელა, მაგრამ ესპანელს მხოლოდ ეს უთქვამს: “კოუტინიო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მის ტრანფერზე არასდროს გვისაუბრია.”
ის, რომ “არსენალი” კოუტინიოს გადაბირებაზე არ ფიქრობს, ასევე ემერის თხოვნა ჟურნალისტებისადმი, mybarca.ge-ს ფანტაზიის ნაყოფია.
ტყუილია სტატიის სათაურიც – ფაქტია, რომ ბრაზილიელი მომავალი გარკვეული ჯერ კიდევ არაა.
