ტყუილი მესისთვის გადასახადების დაკისრების შესახებ
10 თებერვალს adjarasport.com-ზე განთავსდა მასალა სათაურით “მესის კონტრაქტის გავრცელების შემდეგ საგადასახადომ 370 მილიონის გადახდა დააკისრა”.
მასალის თანახმად, El Mundo-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ესპანეთის საგადასახადომ მესის 370 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, სტატიის ბოლოში კი ვკითხულობთ, რომ “შესაძლოა, ეს გახდეს მესის ბარსადან წასვლის მთავარი მიზეზი მიმდიანრე სეზონის ბოლოს”.
აჭარასპორტს ინფორმაციის წყაროდ El Periodico აქვს მოყვანილი. ამ გამოცემამ მესისა და 370 მილიონის გადასახადებს სტატია ნამდვილად მიუძღვნა, მაგრამ კატალონიურმა წყარომ უბრალოდ დათვალა, რამდენი გადაიხადა მესიმ ბიუჯეტში 2017 წლის შემდეგ. El Periodico-ს ინფორმაციით, ხსენებული 370 მილიონი მესის უკვე გადახდილი აქვს და არა როგორც რაიმე ტიპის ჯარიმა, არამედ როგორც ჩვეულებრივი გადასახადები. წყაროში საგადასახადო ორგანოების მხრიდან რაიმე ახალი გადასახადის დაკისრებაზე საუბარი არაა.
