ტყუილი მესისა და გრიზმანს შორის განხეთქილების შესახებ
5 აგვისტოს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “მესი გრიზმანს ზედ არ უყურებს – ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაა [ვიდეო]”
მასალაში გვხვდება დამონტაჟებული ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მესისა და გრიზმანს შორის განხეთქილებაა. ვიდეოში დამონტაჟებულია კადრები, სადაც ჩანს, რომ მესი გრიზმანს არ უყურებს. ბუნებრივია, ასეთი კადრები, ყველა თამაშში ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში გვხვდება. თუმცა, ვიდეოში გაიპარა ერთი კადრი – როდესაც გრიზმანი მესის ხელს მეგობრულად უტყამს, ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ არგენტინელისგანაც საპასუხოს ღებულობს.
ვინაიდან ვიდეო mybarca.ge-ს დამონტაჟებული არაა, ამ მიმართულებით ქართულ საიტს ტყუილში ბრალს ვერ დავდებთ. თუმცა, სათაური, რომლის თანახმადაც, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, მესისა და გრიზმანს შორის განხეთქილებაა, არის ტყუილი.
