ტყუილი ლეო მესის ტრავმასთან დაკავშირებით

28 აგვისტოს, footballnews.ge-ს ფეისბუქზე განთავსდა მასალა სათაურით “საშინლად სამწუხარო ინფორმაცია “ბარსელონას” ქომაგებისთვის”.

სტატიაში საუბარია, თითქოს Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეო მესი ერთ თვეს გამოტოვებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურ მედიაში მართლაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესიმ ტრავმა გაიმიზეზა და ამის გამო ერთ თვეს გამოტოვებს. თუმცა, ეს ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა და მისი გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სწორედ Sport-მა უარყო. აღნიშნულ გამოცემას არ დაუწერია, რომ მესი ერთ თვეს გამოტოვებს. Sport-ის ცნობით, გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე ცუდად მიმდინარეობს და “ოსასუნასთან” ლეოს თამაში საეჭვოა.

footballnews.ge-ს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლავს მინაწერი “ახლახანს “ბარსელონამ” ეს ინფორმაცია დაადასტურა”, რაც ასევე ტყუილია – “ბარსელონას” ინფორმაცია არ დაუდასტურებია.