ტყუილი კოლინ მარტინის განცხადებასთან დაკავშირებით
2019 წლის 19 ივნისს, ვებგვერდ footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა მასალა სათაურით “მე გეი ვარ და ამით ვამაყობ” – ახალი სკანდალი ფეხბურთში”. ფეისბუქ პოსტს ჰქონდა მინაწერი “ცნობილმა ფეხბურთელმა ახლახანს სკანდალური განცხადება გააკეთა”.
ამ მასალაში რამდენიმე პრობლემა იკვეთება.
- ვებგვერდზე მასალა განთავსებულია 2019 წლის 16 იანვარს, ანუ 6 თვის წინ. ფეისბუქზე კი პოსტი ზიარდება ტექსტით “ცნობილმა ფეხბურთელმა ახლახანს სკანდალური განცხადება გააკეთა”
- კოლინ მარტინმა საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ განცხადება 2018 წლის ივნისში გააკეთა. შესაბამისად, ტყუილია არა მხოლოდ ფეისბუქ პოსტი, არამედ თავად სტატიაც, სადაც ვკითხულობთ: “რამდენიმე დღის წინ, “მინესოტა იუნაიტედის” ამომავალმა ვარსკვლავმა, კოლინ მარტინმა პრესასთან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა”.
- კოლინ მარტინი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია. ის უკვე 24 წლისაა და არც ცნობილი მოთამაშეა და არც ამომავალი ვარსკვლავი. სტატიისა და ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის ქცევაში კი მომხმარებელთა საიტზე მოტყუებით გადაყვანის მიზანი იკვეთება.
ვებგვერდმა footballnews.ge-მ ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.

