ტყუილი ჰაკიმის ტრანსფერთან დაკავშირებით

17 იანვარს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ინტერი“ ჰაკიმის სატრანსფერო თანხას ვერ იხდის, „რეალმა“ პროცესი დაიწყო”.

ეს მასალა ფეისბუქზე კიდევ უფრო მატყუარა მინაწერით გაზიარდა: “❗ ❗ ❗ BREAKING NEWS ❗ ❗ ❗ ერთი ნაბიჯი და აშრაფ ჰაკიმი „რეალის“ ფეხბურთელია ❤️❤️”

სტატიაში საუბარია, რომ “ინტერი” “რეალს” ჰაკიმის სატრანსფერო თანხას ვერ უხდის, თითქოს დედლაინი უკვე გავიდა და “რეალმა” ფეხბურთელის დაბრუნებაზე ზრუნვა დაიწყო, რაც ტყუილია.

ტყუილია ისიც, თითქოს მსგავს ინფორმაციას რომელიმე ავტორიტეტული იტალიური ან ესპანური გამოცემა ავრცელებს.

მაგალითად, მადრიდული Marca და As იტყობინებიან, რომ “ინტერს” ჰაკიმის სატრანსფერო თანხიდან, 40 მილიონიდან პირველი 10 მილიონი გასული წლის დეკემბერში უნდა გადაეხადა, მაგრამ ვინაიდან მილანური კლუბი ფინანსურ კრიზისში იმყოფება, “რეალი” დედლაინის 30 მარტამდე გადაწევას დასთანხმდა. ანუ, “ინტერს” ვალდებულების შესასრულებლად კიდევ 2 თვე აქვს. ამ გამოცემებს ჰაკიმის “რეალში” დაბრუნება არც კი უხსენებიათ.