ტყუილი დავიდ ალაბასთან ტრანსფერთან დაკავშირებით

19 იანვარს bayern.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “დადასტურდა: ალაბას მომავალი კლუბი ცნობილია”.

მასალაში საუბარია იმაზე, რომ დავიდ ალაბამ “რეალში” გადასვლა უკვე გადაწყვიტა, შეთანხმება შედგა და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად მადრიდშიც იყო. ინფორმაციის წყაროც მოყვანილია Marca.

მიუხედავად იმისა, რომ ალაბას მამის განცხადებით ეს ინფორმაცია ტყუილია, სტატიის ტექსტის ნაწილში bayern.ge-ს ტყუილში ვერ დავადანაშაულებთ, რადგან Marca მსგავს ინფორმაციას მართლაც ავრცელებს (გარდა ალაბას მადრიდში ჩასვლისა. სტატიის ეს ნაწილი bayern.ge-ს ფანტაზიის ნაყოფია).

მართალია, სტატიის ტექსტი Marca-ს ტყუილია და არა bayern.ge-ს, სტატიისთვის შერჩეული სათაური მაინც უნდა შეფასდეს ქართული საიტის ტყუილად. “დადასტურდა: ალაბას მომავალი კლუბი ცნობილია” ნებისმიერ შემთხვევაში არის ტყუილი, რადგან Marca-ს ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების ლეგიტიმაცია არ გააჩნია. გაზეთს ტრანსფერის დადასტურება არ შეუძლია.